„გერმანულ ჰოსპიტალში“ აცხადებენ, რომ 28 წლის ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ქრონიკული დაავადების ფონზე დაწყებული გართულება გახდა

12:14, 09.01.2020

თბილისში, გერმანულ კლინიკაში 28 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა. ამასთან, მდგომარეობის დამძიმება პაციენტის ქრონიკულმა დაავადებამ გამოიწვია, – ამის შესახებ კლინკის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მათთან გორის ჰოსპიტალიდან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

გორის ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ქალი ხუთი დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა, აღენიშნებოდა ცხელების ეპიზოდებიც და სახლის პირობებში, საკუთარი ინიციატივით იღებდა ანტიბიოტიკებს.

თუმცა, ჰქონდა თუ არა პაციენტს გრიპის ვირუსი, კლინიკაში ვერ საუბრობენ, რადგან, მათი თქმით, ოჯახის წევრებმა დიაგნოსტიკის მიზნით ანალიზების აღებაზე უარი თქვეს.

„პაციენტი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში 6 რიცხვში გორის ჰოსპიტალიდან უმძიმეს მდგომარეობაში, სუნთქვის მწვავე დიაგნოზით. ეს არ იყო ვირუსული ინფექციით გამოწვეული  გარდაცვალება. მცირე დრო დაჰყო კლინიკაში. ვვარაუდობთ, რომ არის დაავადება, რომელიც ქრონიკულად იყო შეფასებული. დრო არ აღმოჩნდა საკმარისი, განგვესაზღვრა კონკრეტული მიზეზი“, – განაცხადა „გერმანული ჰოსპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე ლორიამ.

მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით გარდაცვალების ოფიციალურად დადასტურებული ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც აღინიშნა, ორივე შემთხვევაში პაციენტებმა კლინიკებს დაგვიანებით მიმართეს. დაავადებათა ცენტრის ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილს ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.

მსგავსი