გერმანიის ვიცე-კანცლერი - ევროკავშირში გადამუშავებული რუსული ფოლადის ფილები სანქციებისგან კვლავ გათავისუფლებულია, აუცილებელია იმპორტის სრული შეჩერება რაც შეიძლება სწრაფად
გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბეილი 13-14 ნოემბერს დაგეგმილ „ფოლადის სამიტამდე“ ყველას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომები მიიღონ.
მისი თქმით, ფაქტია, რომ რუსული ფოლადი სანქციებისგან თავისუფალია და აღნიშნავს, რომ მისი იმპორტის სრულად შეჩერების აუცილებლობას ხედავს.
„რუსეთში წარმოებული და ევროკავშირში გადამუშავებული ფოლადის ფილები სანქციებისგან კვლავ გათავისუფლებულია. აუცილებელია, რუსეთიდან ფოლადის იმპორტის სრული შეჩერება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – აცხადებს კლინგბეილი.
ამასთან, გერმანიის ვიცე-კანცლერის განმარტებით, ამოუხსნელია, რატომ რჩება რუსეთის პრეზიდენტისთვის ევროპული ბაზარი ღია?
„ჩვენს ფოლადის ინდუსტრიაში მომუშავე ერთ მუშაკსაც კი ვერ აუხსნით, რატომ ტოვებს ევროპა ბაზარს პუტინისთვის კვლავ ღიას“, – აღნიშნავს ლარს კლინგბეილი.
აღსანიშნავია, რომ ფოლადის ფილები წარმოადგენს ნედლეულს ფოლადის ფურცლებისა და ზოლების წარმოებისთვის.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი 23 ოქტომბერს დაამტკიცა. თუმცა მასში რუსული ფოლადის იმპორტის საკითხი ნახსენები არ არის.