გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდა. გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ბუნდესტაგის ქვედა პალატაში ფიცი დადო. საკანონმდებლო ორგანოში ფიცის დადების შემდეგ ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრად გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაამტკიცა.

გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა ქვეყნის კანცლერი, ოლაფ შოლცი.

თავდაცვის ახალი მინისტრის დამტკიცებისას გერმანიის პრეზიდენტმა თქვა, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი ახალი საფრთხეების გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიის არმიისთვის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრის რანგში პირველ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან 19 იანვარს გამართავს.

წარსულში ბორის პისტორიუსი იყო რუსეთთან დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების მომხრე, მაგრამ 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პოზიცია შეცვალა და ახლა უფრო ძლიერ გერმანულ არმიას უჭერს მხარს.