გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები მოითხოვენ სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის საკითხის შესწავლისთვის საჭირო პროცედურას მოამზადებს
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ლიდერები მემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აკრძალვის შესაძლებლობის ოფიციალური განხილვის დაწყების ინიციატივით გამოდიან.
„დემოკრატიას საფრთხე შიგნიდან ემუქრება“, – აცხადებენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეზოლუციაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე-ექსტრემისტულ პარტიად არის მოხსენიებული. დოკუმენტის მიხედვით, „ის სისტემატურად უპირისპირდება გერმანიის თავისუფალ საზოგადოებას, ხელს უწყობს რასიზმის ნორმალიზებას და ქვეყნის დემოკრატიული წესრიგის შიგნიდან დასუსტებას ცდილობს“.
ლიდერები მოითხოვენ ფედერალური მთავრობისა და ფედერალური მიწების წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც წლის ბოლომდე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის საკითხის შესწავლისთვის საჭირო პროცედურას მოამზადებს.
„შეფასების პროცედურის მომზადება სამართლებრივი აუცილებლობაა, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის დაცვით არის განპირობებული. ამას ჩვენს დემოკრატიულ ვალდებულებად მივიჩნევთ“, – აღნიშნავენ ლიდერები.
ინიციატივას გამოეხმაურა გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი. მისი თქმით, საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატიული სისტემა შესაძლოა, ქვეყნის შიგნიდანაც დაზიანდეს.