გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ოთხი მთავარი პარტიის ლიდერებს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრეოთხი მთავარი პარტიის ლიდერებს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა.
დებატებში მონაწილეობა მიიღეს „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა, „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა, ოლაფ შოლცმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა და „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელმა, რობერტ ჰაბეკმა.
ორსაათიანი დებატების მთავარი თემები იყო: ეკონომიკა, უკრაინა, მიგრაცია და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეიმს დევიდ ვენსის განცხადებები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
ოთხეულმა იკამათა უკრაინაში მიმდინარე ომზე. ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ გერმანია არ არის ნეიტრალური, არამედ უკრაინის მხარესაა. ალის ვაიდელმა აღნიშნა, რომ მერცის შეთავაზება უკრაინაში „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების გაგზავნასთან დაკავშირებით იყო რუსეთის პროვოცირება.
ვაიდელმა შეაქო დონალდ ტრამპის სურვილი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით. მერცის მტკიცებით, ვაიდელი თავს არიდებდა მოსკოვის დანაშაულებზე საუბარს.
რობერტ ჰაბეკის განცხადებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გარდა, ყველა პარტია ერთიანია უკრაინის დახმარების მიმართ. დებატებზე მთავარი საკითხი იყო ეკონომიკა.
ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გასაღები არის „ბიუროკრატიის კონტროლის ქვეშ“ მოქცევა. მერცმა ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი მთავრობის გადაწყვეტილება, გაეთიშა ბირთვული ელექტროსადგურები ენერგეტიკული კრიზისის შუაგულში, იყო შეცდომა, რამაც ხელი შეუწყო ენერგიის უფრო მაღალ ხარჯებს.
ვაიდელი დაეთანხმა მერცს და მხარდაჭერა გამოხატა „უსაფრთხო და საიმედო ბირთვული ენერგიის, ნახშირის და გაზის“ მიმართ. რობერტ ჰაბეკმა, რომელიც არის გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკური პრობლემების მიზეზად იაფი რუსული გაზის ნაკლებობა და საექსპორტო ბაზრების შემცირება დაასახელა.
ჰაბეკმა გერმანიის პრობლემებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა. ჰაბეკის თქმით, გერმანიას სჭირდება „ნაკლები ბიუროკრატია“ და მეტი ინვესტიცია „ინფრასტრუქტურაში, მატარებლებში, ხიდებში, ციფრულ სივრცეში“.
„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD) კანდიდატი ოლაფ შოლცი დაეთანხმა ჰაბეკს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ენერგიის მაღალი ფასების გამომწვევი, მაგრამ ასევე იცავდა თავისი მთავრობის საპასუხო რეაქციას და ამტკიცებდა, რომ ფასები მაღალი აღარ არის.
მერცმა და შოლცმა დებატების დროს გააკრიტიკეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევა უწოდეს. ალის ვაიდელმა მხარი დაუჭირა ვენსის განცხადებებს და აღნიშნა, რომ მისი პარტია მზად არის კარგი ურთიერთობებისთვის აშშ-თან და ასევე ჩინეთთან. ჰაბეკის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ წამოიწყო „სრულფრონტიანი თავდასხმა დასავლური სამყაროს ღირებულებებზე“. გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს“ 29-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილზეა 21 პროცენტით. „სოციალ-დემოკრატები“ მესამე ადგილზე არიან 15 პროცენტით, „მწვანეთა პარტიას“ კი 13-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.