გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის მთავრობის საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის მთავრობის საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო.

ამჟამად არსებული კანონმდებლობით, პარტიას, რომლის კანდიდატები, სულ მცირე, სამ ოლქში პირდაპირი წესით გამარჯვებას შეძლებენ, პარლამენტში მანდატის მოპოვება შეუძლია, მიუხედავად იმისა, გადალახავს თუ არა 5%-იან ბარიერს.

მთავრობას ამ წესის გაუქმება სურდა, საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ არსებული წესი ძალაში უნდა დარჩეს, ვიდრე კანონმდებლები მასთან დაკავშირებით ახალ ნორმებს მიიღებენ.

ახალი დებულება ძალაში 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა შესულიყო.

2023 წელს დამტკიცებული საარჩევნო კანონი მიზნად ისახავს გერმანიის ქვედა პალატაში ადგილების 630 მანდატამდე შემცირებას, რადგან 2021 წლის არჩევნების შედეგად დეპუტატთა რიცხვმა 736-ს მიაღწია, რაც მსოფლიოს პარლამენებტში არსებული მანდატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ძირითადი კანონის მიხედვით, გერმანიის პარლამენტი 598 მანდატისგან შედგება, თუმცა დამატებითი მანდატების გამო მისი რიცხვი პერიოდულად იზრდება. მანდატების ნახევარი პირდაპირი წესით, ოლქებში გამარჯვებულ კანდიდატებს ხვდებათ, მეორე ნახევარი კი პარტიული სიით, პროპორციული სისტემის მიხედვით ნაწილდება.

პარტიებს შეეძლოთ, პარლამენტში შეეყვანათ პირდაპირი წესით არჩეული იმაზე უფრო მეტი კანდიდატი, ვიდრე პარტიული სიით ეკუთვნოდათ. შესაბამისად, სხვა პარტიები, კომპენსაციის სახით, იღებდნენ გამათანაბრებელ მანდატებს, რაც, საბოლოო ჯამში, ბუნდესტაგში მანდატებს მუდმივად ზრდიდა.

ახალი რეფორმის მიხედვით, მთავრობას სურს, გააუქმოს დამატებითი და გამათანაბრებელი მანდატები, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო ძირითადი კანონის დარღვევად არ მიიჩნევს.