გერმანიის საჰაერო ძალების მეთაური აცხადებს, გერმანიამ აშშ-ისგან შეიარაღების, მათ შორის გამანადგურებლების შესყიდვა უნდა გააგრძელოს

19:19, 14.07.2026

გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხის შესაკავებლად გერმანიამ აშშ-ისგან გამოცდილი შეიარაღების, მათ შორის საბრძოლო გამანადგურებლების შესყიდვა უნდა გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა საკუთარი თავდაცვითი ინდუსტრიის გრძელვადიან განვითარებას ცდილობს.

გენერალ-ლეიტენანტმა, ჰოლგერ ნოიმანმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპაში თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას დრო სჭირდება, მაშინ როდესაც ნატო-ს წინაშე არსებული გამოწვევები დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

ნოიმანის განცხადებით, ევროპის თავდაცვით ინდუსტრიას მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს, თუმცა უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში აშშ-ს ტემპს ვერ ეწევა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი მიზანია არსებული შესაძლებლობების სწრაფად შევსება ისე, რომ ევროპულ თავდაცვით პროექტებზე უარი არ ითქვას.

„საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას დრო სჭირდება. ახლა კი დრო არ გვაქვს“, – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა.

მისი კომენტარი იმ ფონზე კეთდება, როდესაც ბრიუსელი ქვეყნებს მოუწოდებს, აშშ-ზე დამოკიდებულება შეამცირონ და თავდაცვითი შესაძლებლობები ევროპელი მწარმოებლებისგან შეიძინონ.

თუმცა, გერმანიას 2022 წლის დეკემბერში უკვე შეძენილი აქვს 35 ერთეული ამერიკულ F-35A ტიპის გამანადგურებელი, რომლისთვისაც 8.3 მილიარდი ევრო გამოიყო. ეს თვითმფრინავები მოძველებულ Tornado-ებს ჩაანაცვლებს, მათ ნატო-ს ბირთვული გაზიარების პროგრამის ფარგლებში ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. ნოიმანის განცხადებით, „ეფ-35“-ების პირველი პარტია სექტემბერში გამოვა და 2027 წლის მიწურულისთვის, ბიუხელის ავიაბაზაზე განთავსდება. მას შემდეგ რაც, გერმანელი პილოტები მის სამართავად მომზადებას გაივლიან.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, გერმანიის მთავრობამ კიდევ 15 ერთეული „ეფ-35“-ის შესაძენად ორ მილიარდ ევროზე მეტი გამოყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გერმანია ასევე ყიდულობს Eurofighter-ებს, რომლებიც 2031-2034 წლებში უნდა მიიღოს. თუმცა, როგორც ნოიმანი აღნიშნავს, ეს იქნება მე-4 თაობის ავიაგამანადგურებლების შეძენის ბოლო ტრანზაქცია და 2035 წლიდან ქვეყანა მხოლოდ მე-5 ან უფრო გაუმჯობესებული თაობის ავიაგამანადგურებლებს შეიძენს.

მსგავსი