გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო რეფორმებით ლიდერია
გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო რეფორმებით ლიდერია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის კოორდინატორი დირკ ვეისი საქართველოს პროგრესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში უაღრესად დადებითად აფასებს.

ამის შესახებ დირკ ვეისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რეფორმებით ლიდერ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ამ მხრივ ხაზი გაესვა ფორმატის 10 წლისთავს, მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას.

ხაზი გაესვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავზე მნიშვნელოვანია, შეფასდეს თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატის შედეგები და ასევე დაისახოს სამომავლო გეგმები, რომელიც დაფუძნებული იქნება ფორმატში ჩართული ქვეყნების ძალისხმევასა და მათ ინტერესებზე. საუბარი შეეხო გერმანიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარის პრიორიტეტებს.

მინისტრმა გერმანელ დიპლომატს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და რუსეთთან ურთიერთობის არსებული ფორმატების შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გერმანიის, როგორც ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს, მხარდაჭერის კონსოლიდაციას.