გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინი ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს, რაც ასევე შეურაცხყოფაა დონალდ ტრამპისთვის
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ რუსეთის ბოლო მასშტაბური საჰაერო დარტყმები უკრაინაზე ასევე წარმოადგენს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეურაცხყოფას. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს, რაც ასევე შეურაცხყოფაა აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის“, – განაცხადა ვადეპულმა.
მისივე თქმით, ტრამპი ძალიან ცდილობდა პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანას „და, აი, ასეთია რეაქცია“.
ვადეპულის განცხადებით, პუტინს მშვიდობა არ უნდა. „მას ომის გაგრძელება სურს და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ“, ამიტომ მზადდება შემდგომი სანქციები, რომლებიც ევროპულ ჩარჩოებში იქნება მიღებული.
„დასავლეთის მხრიდან იქნება მკაფიო რეაქცია და ვფიქრობ, რომ ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც“, – აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„ჩვენ, ყველამ, გადამწყვეტად უნდა ვუპასუხოთ. საერთაშორისო საზოგადოება, პოლიტიკური დასავლეთი ამას ვერ შეეგუება. აშშ-ს, ისევე როგორც ევროპელებს, გადამწყვეტად პასუხის გაცემის საშუალება აქვთ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.