გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ ნატო-ს გადაწყვეტილებას, არ დახუროს უკრაინის ცა, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ომი მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ ნატო-ს გადაწყვეტილებას, არ დახუროს უკრაინის ცა, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ომი მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს

გერმანია მხარს უჭერს ნატო-ს გადაწყვეტილებას, არ დახუროს უკრაინის ცა, – ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გააკეთა. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს.

„ეს რომ ასე იოლი ყოფილიყო, მაშინ გამოსავალს მალევე ვიპოვიდით, დღესვე. ჩვენ რომ შეგვეძლოს ამ ომის შეჩერება, დედების ტანჯვის შეჩერება, მამების, ბავშვების ტანჯვის შეჩერება რომ შეგვეძლოს, ამას დაუყოვნებლივ გავაკეთებდით. მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს ომი მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს“, – განაცხადა ბერბკომ.

მისივე თქმით, პუტინი არღვევს ყველა საერთაშორისო წესს, ხოლო დასავლეთმა აამოქმედა ეკონომიკური და ფინანსური საშუალებები და ბერკეტები, რათა რუსეთის პრეზიდენტზე მაქსიმალური ზემოქმედება მოახდინოს.

4 მარტს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ერთიანობას ინარჩუნებენ და მათი პოზიციაა, რომ ნატო-ს თვითმფრინავები არ უზრუნველყოფენ უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას. ამის გამო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო მკაცრად გააკრიტიკა.

„დღეიდან ყველა ადამიანი, რომელიც დაიღუპება, მათ შორის თქვენ გარშემო მოკვდება. თქვენი სისუსტის გამო“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.