გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული უკრაინაში ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული უკრაინაში ჩავიდა.

იოჰან ვადეპული ლვოვში ჩავიდა, სადაც 9 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ იოჰან ვადეპულმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა და ვიდეო გამოაქვეყნა.

ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ გერმანია კვლავ დარჩება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტად უჭერენ მხარს უკრაინას და „ამას მკაფიოდ აჩვენებს უახლოეს დღეებში“.

„ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც საჭიროა და გავაკეთებთ ამას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე რუსეთი არ გაიგებს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ და რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის დაცვა“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს.

ლვოვში ასევე იმყოფება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.

მისი თქმით, ევროპის დღეს ლვოვში უკრაინელ მეგობრებსა და ევროპის ქვეყნების მინისტრებთან ერთად აღნიშნავს.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომილოცვაში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია იბრძოდა, რათა ევროპის ნაწილი გამხდარიყო.

„ჩვენ თავად ვიბრძოდით ამისთვის, მოვიპოვეთ და თავად გადავწყვიტეთ, რომ დიდი ევროპის ნაწილი ვართ. ეს ასევე ღირებულებებია. რას ნიშნავს ეს? ეს არის ჩვენი არჩევანი – დამოუკიდებლად ავირჩიოთ ჩვენი მთავრობა, სეიმი, დამოუკიდებლად ავირჩიოთ, როგორი ქვეყნის აშენება გვსურს. ჩვენი ქვეყანა არის ის, რასაც ერთად ვქმნით და თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია ამაზე“, – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.