გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - დარწმუნებული ვარ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ევროკავშირი უახლოეს პერიოდში მიიღებს, ჩვენ მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე ვართ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - დარწმუნებული ვარ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ევროკავშირი უახლოეს პერიოდში მიიღებს, ჩვენ მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე ვართ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰანეს ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ახლოს არის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის მიღებასთან.

„დარწმუნებული ვარ, ამ პაკეტს უახლოეს პერიოდში მივიღებთ. ჩვენ ევროკავშირის დონეზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე ვართ და აუცილებელია, ახლა შედეგს მივაღწიოთ“, – აღნიშნა იოჰანეს ვადეფულმა ბერლინში სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტანია ფაიონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

„ჩვენ საერთო პოზიცია გვაქვს უკრაინის საკითხზე. უპირობო ზავი არის პირველი ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე, მდგრად და სამართლიან მშვიდობამდე უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ აგრესია გრძელდება, ინფრასტრუქტურა ნადგურდება, სამოქალაქო ობიექტები იბომბება, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ ვართ გაერთიანებულნი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში“, – აღნიშნა ფაიონმა.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დამტკიცება ვერ შეძლო.