გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ გვინდა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა შევთავაზოთ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ გვინდა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა შევთავაზოთ

ჩვენ გვინდა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა შევთავაზოთ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას. ეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხია სტრატეგიული თვალსაზრისით, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა შევთავაზოთ. განსახილველი ბევრია. ჩვენ შევთანხმდით პროექტებზე, რომლებიც ეხება დასაქმებას, განათლებას და ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის ნათელ, ევროპულ პერსპექტივას“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.