გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ახალგაზრდებმა ცოტა რამ იციან ჰოლოკოსტის შესახებ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ახალგაზრდებმა ცოტა რამ იციან ჰოლოკოსტის შესახებ

ახალგაზრდა გერმანელებმა დღეს ძალიან ცოტა რამ იციან ჰოლოკოსტის შესახებ, – ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა გააკეთა.

ჰაიკო მაასმა განცხადება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც მსოფლიო 27 იანვარს აღნიშნავს.

გამოცემა Welt-ისთვის დაწერილ პუბლიკაციაში გერმანიის მთავარი დიპლომატი აცხადებს, რომ „აუცილებელია ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებების უფრო ინტენსიური გააზრება“.

„ჩვენ გვჭირდება ახალი ინიციატივები, რათა ისტორიული გამოცდილება თანამედროვე სამყაროში გამოვიყენოთ. ჩვენი ისტორია ხსოვნიდან გააზრებად უნდა იქცეს“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებს სიკეთესთან ერთად საფრთხეებიც ახლავს. ჰაიკო მაასის განცხადებით, დღეს ზიზღი უფრო სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა, ძალადობაში გადაიზარდოს.

„ვხედავთ, რომ ნაციონალიზმის პროპაგანდა მთელ ევროპაში მიმდინარეობს და ამ სულელური იდეოლოგიის გასამართლებლად მტრის ხატს იყენებენ. მემარჯვენე პოპულისტები ჰოლოკოსტის მნიშვნელობას აკნინებენ, რადგან ხვდებიან, რომ ამ გზით ისინი ყურადღებას უკეთ მიიქცევენ“, – აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღეს 27 იანვარს აღნიშნავენ. სწორედ ამ დღეს საბჭოთა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც ნაციზმის დანაშაულის სიმბოლოდ ითვლება.