გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, პარიზში გაიმართოს
გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, პარიზში გაიმართოს

გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა შესაძლოა, მალე პარიზში გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გერმანიის ქალაქ ახენში, ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი 18 და 23 მაისს პუტინთან შეხვედრებს გამართავენ და ჩვენ მკაფიოდ შევათანხმებთ ნაბიჯებს, რომლებიც ერთობლივად უნდა გადავდგათ, რათა უახლოეს დროში ნორმანდიულ ფორმატში სხდომა გავმართოთ. დიდი ალბათობით შეხვედრა შესაძლოა, პარიზში შედგეს. ჩვენ ველოდებით, რომ მისი დღის წესრიგი ხარისხიანად მოვამზადოთ“, – განაცხადა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინაში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა განაცხადეს, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რუსეთთან საფუძვლიანი უთანხმოება არსებობს. აღსანიშნავია, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უნდა გამართულიყო, თუმცა არ შედგა. მიზეზად რუსულმა მხარემ თავისუფალი დროის უქონლობა დაასახელა.