გერმანიის საელჩო - საქართველოს მთავრობის დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს, საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო პარტნიორია
გერმანიის საელჩო - საქართველოს მთავრობის დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს, საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო პარტნიორია

საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს, საქართველო არის ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„გერმანიის ფედერალურმა გენერალურმა პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია პრესისთვის, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქის, თორნიკე კ.-ს მკვლელობას. ამ ინფორმაციაში გამოყენებულია გაუგებარი ფორმულირება, რომელშიც საუბარია „პრორუსულ“ მთავრობაზე საქართველოში. საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს. საქართველო არის ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი“, – ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო: „შეკვეთილი მკვლელობის ფონს წარმოადგენდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმაც, რომლის თქმით, გერმანიის პროკურატურის განცხადებაში საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ნახსენები ფრაზა ეკუთვნის ზელიმხან ხანგოშვილს და არ წარმოადგენს ფედერალური პროკურატურის მოსაზრებას.