გერმანიის საელჩო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს
გერმანიის საელჩო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს

საქართველოში გერმანიის საელჩო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს.

„გერმანია უსამძიმრებს ვერტმფრენის ყველა იმ მამაცი მფრინავის, მაშველისა და სამედიცინო პერსონალის ახლობლებს, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ გუდაურში სამაშველო ოპერაციის ჩატარების დროს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.