გერმანიის საავადყოფოში ალექსეი ნავალნის 22 აგვისტოს, დილით გადაიყვანენ
გერმანიის საავადყოფოში ალექსეი ნავალნის 22 აგვისტოს, დილით გადაიყვანენ

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანა 22 აგვისტოს დილამდე გადაიდო. სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის რეგიონული სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა, ნავალნის გადაყვანა გერმანელი ექიმების პროფკავშირის თხოვნით გადადეს, „რადგან ფრენამდე გერმანელ მფრინავებს დასვენება სჭირდებათ“.

„ნათესავების თხოვნით, ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მოამზადეს ყველა საჭირო დოკუმენტი. იულია ბორისოვნა ნავალნაიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ის გაფრთხილებულია ფრენის დროს პაციენტის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს. ის უგონო მდგომარეობაშია.