გერმანიის ქალაქებში ულტრამემარჯვენეების და მათი იდეოლოგიის წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა
გერმანიის ქალაქებში ულტრამემარჯვენეების და მათი იდეოლოგიის წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა

გერმანიის ქალაქებში ულტრამემარჯვენეებისა და მათი იდეოლოგიის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. ყველაზე ხალხმრავალი აქცია ბერლინში, ბუნდესტაგთან შედგა, სადაც, პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციაზე 150 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

საპროტესტო აქციები მემარჯვენე რადიკალების წინააღმდეგ ჩატარდა ასევე ფრაიბურგში, დრეზდენში, ნიურნბერგსა და ათობით სხვა ქალაქში. აქციის მონაწილეთა ნაწილი ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვას ითხოვდა.

ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები გერმანიაში, დაახლოებით სამი კვირაა, იმართება. აქციების გამართვის მიზეზი გახდა გერმანული მედიის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატია, რომლის მიხედვითაც, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებმა სხვა მემარჯვენე ორგანიზაციებთან ერთად შეხვედრა გამართეს, სადაც გერმანიიდან იმიგრანტების მასობრივი დეპორტაციის გზები განიხილებოდა.

იანვარში მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამართულ მიტინგს შეუერთდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.