გერმანიის ქალაქ ბილეფელდში, სასამართლოს შენობასთან სროლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა
გერმანიის ქალაქ ბილეფელდში, სასამართლოს შენობასთან მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი.
მედია იუწყება, რომ სროლის სამიზნეები იყვნენ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბრალდებულის ნათესავები.
გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტი განიხილება, როგორც მიზანმიმართული თავდასხმა საქმესთან დაკავშირებულ პირებზე. სასამართლო პროცესზე მიმდინარე საქმეში ორი მამაკაცია ბრალდებული, რომლებმაც, სავარაუდოდ, პროფესიონალი მოკრივე ბესარ ნიმანი მოკლეს. ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით 16-ჯერ ესროლეს ნიმანს.
სასამართლო პროცესი მიმდინარეობს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით, პოლიცია იცავს სასამართლოს შენობას, ხოლო ვიზიტორები, მოწმეები და ჟურნალისტები შემოწმებას გადიან შენობაში შესვლამდე.