გერმანიის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა
გერმანიის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საარჩევნო უბნის გახსნიდან ერთი საათის შემდეგ ხმა მისცა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმეირმა და მისმა მეუღლემ, ელკე ბიუდენბენდერმა ბერლინში, ცელენდორფის რაიონში, გერმანიაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საარჩევნო უბნებზე მომუშავეებს და მოქალაქეებს მოუწოდა, მივიდნენ ხმის მისაცემად.

„თქვენ უნდა გამოიყენოთ ხმის მიცემის უფლება და დაეხმაროთ ჩვენი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში. უნდა მისცეთ ხმა იმის გაცნობიერებით, რომ თქვენი ხმა, შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

გერმანიის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 59 მილიონ ადამიანს აქვს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და „მწვანეები“ (GRÜNE).