გერმანიის პრეზიდენტი საშობაო მიმართვაში საზოგადოებას დიალოგისკენ მოუწოდებს
გერმანიის პრეზიდენტი საშობაოდ საზოგადოებას დიალოგისკენ მოუწოდებს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, გერმანია არ არის დაცული ისეთი პროცესებისგან, როგორიც ბოლო წლებში უნგრეთში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს. მისივე თქმით, დემოკრატიის ძალა კომპრომისშია.
„ისაუბრეთ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ყველამ იხილა, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ საზოგადოება დიალოგს შეწყვეტს.
„ჩვენ ვიხილეთ ცეცხლმოკიდებული ბარიკადები პარიზში, როგორ გაიყო საზოგადოება აშშ-ში, როგორი მღელვარებაა დიდ ბრიტანეთში „ბრექსიტის“ გამო. ვნახეთ უნგრეთი, იტალია, სადაც ევროპის სიმტკიცის გამოცდა გრძელდება, გერმანია დაცული არ არის“, – განაცხადა შტაინმაიერმა საშობაო მიმართვაში.