გერმანიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც კანცლერ მერცს „პინოქიო“ უწოდა, ამ ფაქტის გამო სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა გერმანიის მთავრობა გააკრიტიკა

21:12, 25.02.2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა გააკრიტიკა გერმანიის მთავრობა იმის გამო, რომ პოლიციამ დაიწყო გამოძიება პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც გერმანიის კანცლერს „პინოქიო“ უწოდა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სარა როჯერსმა განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ ფართო შეზღუდვებს გარკვეულ შემთხვევებში კანონის ბოროტად გამოყენებამდე მიჰყავს საქმე.

„გერმანელების უმეტესობას, ვისთანაც ვისაუბრე, არ სურთ, რომ მათი კანონები ამ გზით იყოს გამოყენებული. თუმცა სიტყვის თავისუფლების ბუნდოვანი, ფართო აკრძალვები ყოველთვის იწვევს ბოროტად გამოყენების შემთხვევებს და შემაკავებელ ეფექტს“, – განაცხადა როჯერსმა.

მანამდე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გერმანიის პოლიციამ საქმე აღძრა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰაილბრონში მცხოვრები მამაკაცის მიერ ადგილობრივი პოლიციის „ფეისბუქის“ გვერდზე დატოვებულ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნულ ქალაქში გერმანიის კანცლერის ვიზიტს ეხებოდა. „პინოქიო მოდის ქალაქ ჰაილბრონში“, – დაწერა სოციალურ ქსელში მამაკაცმა.

პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით. ეს მუხლი პოლიტიკური ფიგურების შეურაცხყოფისთვის ან ცილისწამებისთვის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, მოგვიანებით პროკურატურაში განაცხადეს, რომ პენსიონერის წინააღმდეგ გამოძიება დახურეს, რადგან ეს შემთხვევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ხვდება.

მსგავსი