გერმანიის ნაკრების მწვრთნელი - მუნდიალიდან გამოვარდნაში ესპანეთს არ ვადანაშაულებ #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა.
მიუხედავად კოსტა რიკასთან ბუნდესგუნდის მოგებისა (4:2), იაპონიის ესპანეთთან გამარჯვების გამო (2:1), ფლიკის გაწვრთნილებმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ტურნირიდან გამოვარდნენ, რაც ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა.
„ესპანეთს არ ვადანაშაულებ. ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავეები, საკმარისი შესაძლებლობები გვქონდა, განსაკუთრებით, იაპონიასთან წაგებულ შეხვედრაში და, რა თქმა უნდა, ესპანეთთანაც. მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“, – განაცხადა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
გერმანიის ნაკრებმა სამი ტურის შემდეგ 4 ქულა დააგროვა, იმდენივე, რამდენიც ესპანეთის ნაკრებმა, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდი გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობის გამო მეორე ადგილზე გავიდა.. ჯგუფის გამარჯვებული იაპონია (6) გახდა, ხოლო კოსტა-რიკამ (3) გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.