გერმანიის ნაკრების ექსმეკარე - კორონავირუსი უფრო იოლად გადავიტანე, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი
გერმანიის ნაკრების ექსმეკარე - კორონავირუსი უფრო იოლად გადავიტანე, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იენს ლემანმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსით იყო ავად.

„დიახ, მარტის შუაში დავინფიცირდი. დღენახევარი მქონდა ხველება და სიცხე. ორკვირიანი კარანტინის შემდეგ, ჯანმრთელად გამომაცხადეს. კორონავირუსი გაცილებით იოლად გადავიტანე, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც რისკის ზონაში არიან, ფრთხილად უნდა იყვნენ. ვფიქრობ, ჯანმრთელი ცხოვრების წესი ხელს უწყობს ინფექციასთან ბრძოლა“, – თქვა ლემანმა „ბილდთან“ კომენტარში.

ერთი კვირის წინ, ლემანმა განაცხადა, რომ ბუნდესლიგაში მატჩები ნაწილობრივ შევსებულ სტადიონებზე უნდა გაიმართოს. მისი აზრით, 70 ათასი ტევადობის არენაზე შეიძლება 20 ათასი მაყურებლის შეშვება.

„ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ არავის არაფერი უთქვამს. თუ დაკავებული იქნება ყოველი მეოთხე სავარძელი, მაშინ ადამიანებს შორის საკმარის დისტანციას დავიცავთ. ვინც წესს დაარღვევს, სტადიონიდან გააძევებენ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მთელი გერმანიის „რესტარტზე“ ეკონომიკის გადასარჩენად. ეს შეეხება ყველა სფეროს, მათ შორის, ბუნდესლიგასაც“, – განაცხადა ლემანმა.

გერმანიაში მასობრივი ღონისძიებები მაყურებლების თანდასწრებით 30 აგვისტომდეა აკრძალული.