გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბერლინი არ გამორიცხავს ფრიდრიხ მერცსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკების შესაძლებლობას
გერმანიის მთავრობა კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან კორნელიუსმა აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა.
„აბუ დაბიში ძირითად პრინციპებზე ურთიერთგაგებას მივაღწიეთ. ეს პოზიცია ახლა რუსეთის პრეზიდენტს გადაეცა და ამის საფუძველზე შესაძლოა, მოლაპარაკებები დაიწყოს“, – განაცხადა კორნელიუსმა.
მისი განმარტებით, აღნიშნულ პრინციპებზე შეთანხმება ევროპელ, ამერიკელ და უკრაინელ წარმომადგენლებს შორის შედგა და არა რუსეთთან.
ამასთან, ბერლინი მიესალმა ვაშინგტონის წინადადებას უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის შესახებ.
გერმანიის მთავრობის პოზიციით, რუსეთთან ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის განხილვა მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უნდა დაიწყოს.
„პირველი ნაბიჯი უკრაინაში მშვიდობის დამყარებაა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის განხილვა“, – აღნიშნა კორნელიუსმა.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს ფრიდრიხ მერცმა მაიამიში დეკემბერში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა არ გამორიცხა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ლიდერი სამიტს დაესწრება.
ცნობისთვის, აბუ დაბიში 10-11 ნოემბერს სამმხრივ მოლაპარაკებებზე უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებმა სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პირობები განიხილეს. შეხვედრები მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარღვევის გარეშე დასრულდა, თუმცა მხარეებმა ტყვეთა ფართომასშტაბიანი გაცვლის საკითხზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.