გერმანიის მთავრობის აგრარული პოლიტიკის გასაპროტესტებლად ბერლინში ფერმერები აქციას მართავენ
დედაქალაქის ცენტრში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათასობით ფერმერი ჩავიდა, მათგან ნაწილი დემონსტრაციაზე ტრაქტორით მივიდა.
როგორც მოსალოდნელია, დემონსტრაციაში ათი ათასამდე ფერმერი და ხუთი ათასამდე ტრაქტორი მიიღებს მონაწილეობას.
აქციის მონაწილეები მთავრობის ინიცირებულ ზომებს აპროტესტებენ, რომლებიც გარემოს დაცვაზეა მიმართული.
ფერმერები მიიჩნევენ, რომ გარემოს დაცვისკენ მიმართული ნაბიჯები მათ საქმიანობას უზღუდავს და იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციას ურთულებს.
კანცლერ ანგელა მერკელის მინისტრთა კაბინეტის მიერ სექტემბერში ინიცირებული გეგმა, სხვა ზომებთან ერთად, პესტიციდებისა და ჰერბიციდების გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებს. პროტესტის ფონზე მთავრობამ ფერმერებს მოლაპარაკებები შესთავაზა.