გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყურადღებით შეისწავლიან ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერებს, რომლებიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყურადღებით შეისწავლიან ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერებს, რომლებიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყურადღებით შეისწავლიან ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერებს, რომლებიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ უნდა შესრულდეს ორივე პირობა, რომელზეც ვსაუბრობთ. ერთი მხრივ, ეს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს და, მეორე მხრივ, არის ისტორიული პასუხისმგებლობა. რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ ამის საფუძველზე დაპატიმრებას მოვახდენთ“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.

ამასთან, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა არ უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა ნეთანიაჰუ სასურველი სტუმარი გერმანიაში.

„მე არ ვარ ინფორმირებული ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოგზაურობის გეგმებთან დაკავშირებით. ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან არ მიმიღია რამე სასწრაფო მოთხოვნა, რომ მას გერმანიაში ჩამოსვლა სურს. გერმანიის მთავრობა ჩართული იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის შემუშავებაში და ამ სასამართლოს ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია – ეს დამოკიდებულება ასევე არის გერმანიის ისტორიის შედეგი. ამავე დროს, გერმანიის ისტორიის შედეგია, რომ ჩვენ ისრაელთან უნიკალური ურთიერთობა და დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს“, – აღნიშნა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ მასრის დაკავების ორდერები გასცა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.