გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროპა ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებს, თუ დღის ბოლომდე რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ აამოქმედებს
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროპა ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებს, თუ დღის ბოლომდე რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ აამოქმედებს

ევროპა ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებს, თუ დღის ბოლომდე რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ აამოქმედებს, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფან კორნელიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საათი მიდის. დღის დასრულებამდე ჯერ კიდევ 12 საათია დარჩენილი და თუ ცეცხლის შეწყვეტა ამ დროისთვის არ იქნება, ევროპული მხარე სანქციების მომზადებას დაიწყებს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.

გასული კვირის ბოლოს კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 12 მაისიდან უნდა გამოცხადდეს „ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში“.

თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთისგან ელოდება ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან და პირადად დაელოდება კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს.

ევროპელი ლიდერების განცხადების მიუხედავად, რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინაზე 100-ზე მეტი დრონით იერიში მიიტანეს და ფრონტის ხაზის გასწვრივ ათობით შეტევა განახორციელეს.