გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ 8 აგვისტოდან სავალდებულო ტესტირებას მაღალი რისკის ზონებიდან ჩასული მგზავრები გაივლიან
გერმანიაში მაღალი რისკის ზონებიდან ჩასული მგზავრები 8 აგვისტოდან სავალდებულო ტესტირებას გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს სპანის განცხადებით, აღნიშნული ზომა მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვაა, თუმცა გონივრული ნაბიჯია.
გერმანელი მინისტრი ამბობს, რომ საზოგადოების ვალდებულება ერთმანეთზე ზრუნვა და ერთმანეთის დაცვაა.
„ინფექციის შემთხვევების მატება საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოგზაურებს და სოციალური დისტანცირების მიმართ ზედმეტად თვითკმაყოფილ დამოკიდებულებას უკავშირდება“, – აღნიშნა სპანმა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, რისკის ზონაში შემავალ ქვეყნებზე ინფორმაცია რეგულარულად ახლდება, თუმცა მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა გერმანიას სწორედ რისკის ზონაში აქვს მოქცეული. საქართველოს კი გერმანია მაღალი რისკის ზონად არ განიხილავს.
ევროკავშირის ტერიტორიაზე ბერლინი მაღალი რისკის ზონად ესპანეთის რეგიონ, კატალონიას და ლუქსემბურგს, ასევე ბელგიის ანტვერპენის რეგიონს განიხილავს, სადაც ბოლო დროს „კოვიდ-19“-ის შემთხვევები გაიზარდა.
გერმანიაში ბოლო სამ თვეში პირველად „კოვიდ-19“-ის 1000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. „ბიბისი“ წერს, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: საბერძნეთში, საფრანგეთში და ესპანეთში ინფიცირების შემთხვევების ზრდა შეინიშნება.
ამასთან, გერმანიამ და საქართველომ ერთმანეთს საზღვრები გაუხსნეს. საქართველო ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაშია შეყვანილი.