გერმანიის მთავრობამ საიმიგრაციო რეფორმის პროექტი წარადგინა, რომელიც ქვეყანაში მუშახელის ნაკლებობის აღმოფხვრისკენაა მიმართული
გერმანიის მთავრობამ საიმიგრაციო რეფორმის პროექტი წარადგინა, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ძალის ნაკლებობის აღმოფხვრისკენაა მიმართული. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მინისტრთა კაბინეტის მიერ შეთანხმებული გეგმა საიმიგრაციო წესების გამარტივებას, პროფესიულ მომზადებას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან იმიგრაციის წახალისებას ითვალისწინებს.
„კვალიფიციური სამუშაო ბაზის უზრუნველყოფა გერმანიის უდიდესი ეკონომიკური ამოცანაა მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა გერმანიის შრომის მინისტრმა, ჰუბერტუს ჰაილმა.
რეფორმის პროექტის ერთ-ერთი ნაწილი არის ახალი საიმიგრაციო კანონი, რომელიც გერმანიაში მოსახვედრად ძირითად დაბრკოლებებს აღმოფხვრის მიგრანტებისთვის, კერძოდ, მათთვის, ვინც ქვეყანაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩადის. კანონპროექტს შეუძლია, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული მუშების რაოდენობა ყოველწლიურად 60 ათასით გაზარდოს.
როგორც „როიტერისთვის“ გახდა ცნობილი, კანონპროექტი დასაქმების მსურველებს გერმანიაში ჩასვლის სამ გზას სთავაზობს. პირველი საჭიროებს გერმანიაში აღიარებული პროფესიული განათლების ან საუნივერსიტეტო ხარისხის ქონას, ასევე დასაქმების კონტრაქტს; მეორე გზა ითვალისწინებს შესაბამის სფეროში მუშაობის, სულ მცირე, ორწლიან გამოცდილებას და ასევე, ხარისხს ან პროფესიულ მომზადებას; მესამე კი არის ე.წ. შესაძლებლობების ბარათი, რომელიც გათვალისწინებულია იმ პირებისთვის, რომლებსაც შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არ აქვთ, თუმცა აქვთ სამსახურის პოვნის პოტენციალი. აღნიშნული პროგრამა ეფუძნება ქულების სისტემას, რომელიც ითვალისწინებს კვალიფიკაციას, ენების ცოდნას, პროფესიულ გამოცდილებას, კავშირებს გერმანიასთან და ასაკს.
გერმანიის შრომის სამინისტროს ცნობით, 2022 წელს გერმანიაში ორ მილიონამდე ვაკანსია იყო, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
რეფორმის პროექტს ეხმაურებიან გერმანიის მთავრობის წევრები. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, კრისტიან ლინდნერის თქმით, გერმანია მიესალმება კვალიფიციურ მუშახელს.
„ამგვარად, ჩვენ საფუძველს ვუყრით მიგრაციული პოლიტიკის ახალ დასაწყისს. მივესალმებით ნებისმიერს, ვისაც, როგორც კვალიფიციურ მუშახელს, შეუძლია, ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაში შეიტანოს წვლილი“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ კრისტიან ლინდნერმა.
რეფორმის შესახებ კომენტარი გააკეთა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფაეზერმაც.
„თუ ადამიანები თან ჩამოიტანენ პროფესიულ გამოცდილებას ან პირად პოტენციალს, ჩვენ მათთვის შესაძლებელს გავხდით, რომ მათ ფეხი მოიკიდონ ჩვენს შრომით ბაზარზე“, – განაცხადა ნენსი ფაეზერმა.
მინისტრთა კაბინეტის მიერ წარდგენილი პროექტი ასევე ითვალისწინებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებლებისთვის გამარტივებული რეგულაციების გაგრძელებას. აღნიშნული რეგულაციების ვადა წლის ბოლოს იწურებოდა. გერმანია აღნიშნული ქვეყნებიდან შეძლებს ყოველწლიურად 50 ათასი დასაქმების მსურველის რეკრუტირებას. ამჟამად მოქმედი წესებით, ეს რიცხვი წელიწადში 25 ათასს შეადგენდა.