გერმანიის მთავრობამ ინტერნეტში სიძულვილის ენის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
გერმანიის მთავრობამ ინტერნეტში სიძულვილის ენის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

გერმანიის მთავრობამ ინტერნეტში სიძულვილის ენის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ინიციატივა სოციალური ქსელების პლატფორმებს უკანონო კონტენტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას ავალდებულებს. კერძოდ, საუბარია მკვლელობის მუქარის, სიძულვილის გაღვივებისა და სხვა სახის კონტენტის შესახებ.

როგორც გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, კრისტინე ლამბრეხტმა აღნიშნა, ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიღებით ხელისუფლება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს.

„მომავალში, უფრო ეფექტიანად დაეკისრება პასუხისმგებლობა მათ, ვინც სიძულვილს აღვივებს და ინტერნეტში სხვებს ემუქრება“, – აღნიშნა მინისტრმა.

კანონის ამოქმედებამდე მას ჯერ გერმანიის პარლამენტის ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი.

გერმანიის მთავრობა უარყოფს კრიტიკოსების მოსაზრებებს, რომ კანონმა შესაძლოა, ცენზურას გაუხსნას კარი.

„სიძულვილის ნიადაგზე დანაშაული საბოლოოდ უნდა დასრულდეს იქ, სადაც ეს საჭიროა – სასამართლოში“, – განაცხადა ლამბრეხტმა.