გერმანიის მთავრობამ ფრიდრიხ მერცსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბარი გააუქმა

10:37, 10.09.2026

გერმანიის მთავრობამ გადადო დაგეგმილი სატელეფონო საუბარი კანცლერს, ფრიდრიხ მერცსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების 25-ე წლისთავის წინ უნდა გამართულიყო. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან კორნელიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება გერმანულმა მხარემ მიიღო, ხოლო საუბრის ახალი თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. კორნელიუსს გადადების მიზეზებზე არ უსაუბრია.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა საუბრის გადადება დაკავშირებული ტრამპის მკვეთრ განცხადებებთან ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატების შესახებ საქსონია-ანჰალტის მიწის არჩევნებში, კორნელიუსს პასუხი არ გაუცია.

მან მხოლოდ განაცხადა, რომ კანცლერის განრიგთან დაკავშირებით დასამატებელი არაფერი აქვს.

საუბრის გადადება გერმანიის მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მიმდინარე აქტიური პოლიტიკური დისკუსიების ფონზე ხდება.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტის მიწის არჩევნებში წარმატებას მიაღწია, დონალდ ტრამპმა პარტიის ეს შედეგი გერმანიაში მიგრაციის სფეროში მოქმედი წესების მიმართ გერმანელი ამომრჩეველთა ნაწილის უკმაყოფილებას დაუკავშირა.

მისი აზრით, ბერლინის მიგრაციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ულტრამემარჯვენე ძალების მხარდაჭერის ზრდას.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია და გერმანული საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას ასახავს, რომ მიგრაციის საკითხისადმი უფრო მკაცრი მიდგომა იყოს. ამას გარდა, ტრამპმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არჩევნებში წარმატება მიულოცა და განაცხადა, რომ პარტიის შედეგი ხელისუფლების პოლიტიკური კურსით ამომრჩეველთა მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს.

მსგავსი