გერმანიის მთავრობა არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირებისთვის კიევს ახსნა-განმარტებას თხოვს
გერმანიის მთავრობა არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირებისთვის კიევს ახსნა-განმარტებას თხოვს

გერმანიის მთავრობა უკრაინის ხელისუფლებისგან რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირებაზე ახსნა-განმარტებებს ითხოვს. როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

როგორც ზაიბერტმა აღნიშნა, საქმეში ფიგურირებს ჟურნალისტის მოკვლის მიზნით შეთქმულების ბრალდება, რომლის დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება პრესის თავისუფლებაზე სერიოზული თავდასხმა.

„რადგან ბრალდებები ძალიან სერიოზულია, ბუნებრივია ველოდებით, რომ ისინი გამყარებული იქნება მტკიცებულებებით“, -განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი 41 წლის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს გავრცელდა. 30 მაისს ბაბჩენკო მოულოდნელად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და გენერალური პროკურორის პრესკონფერენციაზე გამოჩნდა.

პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირება იყო სპეცოპერაციის ნაწილი, რომლის მიზანს რუსული სპეცსამსახურების მხრიდან კრემლის ოპონენტების ლიკვიდაციის გეგმების გამოააშკარავება წარმოადგენდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ბაბჩენკოს მკვლელობის დამკვეთი.