გერმანიის, კორეის, ირანის, იორდანიისა და ჩეხეთის პირველი დიპლომატები დავით ზალკალიანს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ
გერმანიის, კორეის, ირანის, იორდანიისა და ჩეხეთის პირველი დიპლომატები დავით ზალკალიანს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ

გერმანიის, კორეის, ირანის, იორდანიისა და ჩეხეთის პირველი დიპლომატები დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე მრავალი წელია, დაფუძნდა მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ისე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში. გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული რეფორმების გატარებისა და ტერიტორიული მთლიანობის გზაზე“, – ნათქვამია ჰაიკო მაასის წერილში, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ხაზს უსვამს პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციულ დიალოგს გამოწვევების დასაძლევად.

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ტომას პეტრიჩეკის განცხადებით კი, ჩეხეთი კვლავ მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და ქვეყნის მიერ არჩეულ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართულ გზას.

მისივე თქმით, მსოფლიო პანდემიამ იმოქმედა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის კომუნიკაციის ინტენსივობაზე, თუმცა საერთო ძალისხმევით შესაძლებელია ამ გამოწვევის დაძლევა.

კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი კანგ კუნგ ჰვა მისალოც წერილში იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაძლიერდება საერთო ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებით „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული გაუთვალისწინებელი მდგომარეობის დროს.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოჰამად ჯავად ზარიფი იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის ლიდერთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ძალისხმევის ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება ორმხრივი ურთიერთობები ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადიც გამოთქვამს მოლოდინს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

დატოვე კომენტარი