გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი კემნიცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჰანს-გეორგ მაასენმა ცოტა ხნის წინ Bild-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების დევნის მტკიცებულებები არ აქვს. კ

​ონტრდაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს აუთენტურობა დამტკიცებული არ არის. გერმანულ ტაბლოიდთან მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ჰანს-გეორგ მაასენის მოსაზრება კრიტიკის ობიექტი გახდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში კი გერმანიის კანცლერს მისი გათავისუფლება მოსთხოვეს.

შიდაპარტიული მოლაპარაკებების შემდეგ, ანგელა მერკელმა კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის გათავისუფლება გადაწყვიტა. ჰანს-გეორგ მაასენი შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

ქალაქ კემნიცში 26 აგვისტოს დაპირისპირების დროს 35 წლის გერმანელი, დანიელ ხილიგი დაიღუპა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილები 23 წლის სირიელი და 22 წლის ერაყელი იყვნენ.

აღნიშნული მოვლენის შემდეგ ქალაქი არეულობამ მოიცვა. კემნიცში დაწყებულ დემონსტრაციებში მონაწილეობას ულტრა-მემარჯვენე რადიკალები და ნეო-ნაცისტები იღებდნენ. ამის პარალელურად ქალაქში კონტრაქციებიც იმართებოდა. ულტრა-მემარჯვენეები და ნეო-ნაცისტები ოპონენტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

მოგვიანებით ინტერნეტში სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც რამდენიმე ნაცისტური მისალმება და ოპონენტებზე თავდასხმაა დაფიქსირებული. სწორედ აღნიშნული მასალის აუთენტურობაში შეიტანა ეჭვი გერმანიის კონტრდაზვერვის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა.