გერმანიის კონსერვატიული ბლოკისა და „სოციალ-დემოკრატების“ შეთანხმების მიხედვით, „საქართველოს გაწევრიანების საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით ეჭვები გაიფანტება“
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების საკითხის კვლავ განხილვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დემოკრატიული პროცესების დაცვასთან დაკავშირებით ეჭვები გაიფანტება, -ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის კონსერვატიული ბლოკისა და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კოალიციურ შეთანხმებაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კოალიციური პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოში პროევროპულ ძალებს.
კოალიციურ შეთანხმებაში საუბარია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე.
„გაფართოების პოლიტიკას აქვს დიდი ტრანსფორმაციული ძალა და არის გეოპოლიტიკური აუცილებლობა. მასშტაბურად შეცვლილი გლობალური ვითარება მოითხოვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდგომ განვითარებას. შედეგებზე დაფუძნებულმა და დიფერენცირებულმა მიდგომამ უკეთ უნდა დააჯილდოოს კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეული ინდივიდუალური პროგრესი ევროპულ ღირებულებებთან და სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით. ადგილობრივი მოსახლეობა პრაქტიკაში უნდა დარწმუნდეს, რომ მათი ქვეყნების გზა ევროკავშირის წევრობისკენ ღირებულია. ამავდროულად, ევროკავშირი უნდა გახდეს შესაფერისი გაფართოებისთვის, პარალელური ინსტიტუციური რეფორმების პროცესის კონკრეტულ შედეგებამდე მიყვანით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეტაპობრივი ინტეგრაციის მიდგომას კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებენ გაწევრიანების ყველა მოთხოვნას, მაგრამ თამამად ახორციელებენ რეფორმებს. ეს შეიძლება მოიცავდეს, კერძოდ, ევროკავშირის პროგრამებსა და პოლიტიკაში ეტაპობრივად ჩართვას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას და ასოცირებულ წევრობას გარკვეულ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, ხმის უფლების გარეშე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების შესახებ.
„დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკების მნიშვნელოვანი გაწევრიანება ევროკავშირში ჩვენს ორმხრივ ინტერესებს შეესაბამება. ჩვენ გვსურს, თანმიმდევრულად გავაგრძელოთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ძალისხმევის მხარდაჭერა. ეს ასევე მოიცავს ბერლინის პროცესს – რადგან ჩვენ უნდა შევთავაზოთ ძლიერი პერსპექტივები, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც დიდი ხანია, ელოდებიან პროგრესს. განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობებს. ჩვენ ვწუხვართ, რომ თურქეთი სულ უფრო შორდება ევროკავშირის ღირებულებების სისტემას. საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების კვლავ განხილვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დემოკრატიული პროცესების დაცვასთან დაკავშირებით ეჭვები გაიფანტება. ამაში ჩვენ პროევროპულ ძალებს ვუჭერთ მხარს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიული ბლოკი და „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. პარტიებმა ბუნდესტაგში გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციური შეთანხმება წარადგინეს.