გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილით თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა

17:37, 26.07.2026

გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილით თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექანდრ დობრინდტის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე არსებული ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ საქმე ისლამისტური მოტივით განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან აქვთ. მისი თქმით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, კერძოდ, პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული ბერლინში, ასევე ქვეყნის რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებსა და საზღვრებზე.

დობრინდტის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო, სულ მცირე, 29 დაშავდა, მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, ავტომობილით ხალხში შევარდნის შემდეგ თავდამსხმელმა ცივი იარაღით, სავარაუდოდ, მაჩეტეთი თავდასხმაც განახორციელა, რის შედეგადაც დამატებით რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 2005 წელს გერმანიაში დაიბადა და ის გერმანიის მოქალაქეა.

ცნობისთვის, ბერლინში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტიერგარტენის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მსგავსი