გერმანიის კანცლერი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნას ითვალისწინებს
გერმანიის კანცლერი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნას ითვალისწინებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რომელიც ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნას ითვალისწინებს. ოლაფ შოლცმა ემანუელ მაკრონის წინადადებას საინტერესო უწოდა.

საქმე ეხება საფრანგეთის ლიდერის წინადადებას, რომლითაც ის ევროპის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოვიდა. მაკრონის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს, ამიტომ აჯობებს შეიქმნას ორგანიზაცია, რომელის ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს გააერთიანებს და დაეხმარება მათ ევროკავშირთან ინტეგრაციაში, თუმცა სრულად გაწევრიანების გარეშე.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ძალიან საინტერესო წინადადებაა იმ სერიოზული პრობლემების გადასაჭრელად, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით“, – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, შოლცის თქმით, ეს წინადადება არ უნდა აბრკოლებდეს ევროკავშირს ახალი წევრების მიღების პროცესს, კერძოდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

„ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს“, – განაცხადა შოლცმა.

​მისივე თქმით, ბევრმა ქვეყანამ უკვე მიიღო შორსმიმავალი და გამბედავი გადაწყვეტილებები, რომლის მიზანიც არის ევროკავშირში გაწევრიანება.

„ჩვენ უნდა მოვიძიოთ გზა, რომ ამ გამბედაობას იმედი არ გავუცრუოთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.