გერმანიის კანცლერი - ევროკავშირში ინტენსიური დისკუსია მიმდინარეობს უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აქტივების გამოყენებაზე
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტენსიური დისკუსია მიმდინარეობს უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აქტივების გამოყენებაზე.
„ინტენსიურ დისკუსიას ვაწარმოებთ აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით. თქვენთვის ცნობილია წინადადება, რომელიც წარვადგინე ამ საკითხზე. ჩვენ ასევე მუდმივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა, ერთად გავიაროთ ეს გზა. ჩვენ ყველა ვარიანტს ვიკვლევთ“, – განაცხადა მერცმა ბერლინში კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ქრისტოდულიდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ფრიდრიხ მერცმა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის კორუფციულ სკანდალზეც ისაუბრა.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს ყურადღება გავამახვილე ორ საკითხზე. პირველი არის კორუფციული სკანდალი. მოვუწოდე მას, რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს ეს და ხელახლა გადახედოს უკრაინაში კორუფციასთან საბრძოლველად არსებულ სტრუქტურებს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
თავის მხრივ, კვიპროსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კვიპროსი არ ეწინააღმდეგება აქტივების გამოყენებას, თუმცა აუცილებელია სწორი სამართლებრივი გზის პოვნა.