გერმანიის გენერალური პროკურორი ჰალეში მომხდარ თავდასხმაში მემარჯვენე ექსტრემიზმის შესაძლო კვალზე საუბრობს
გერმანიის გენერალური პროკურორი ჰალეში მომხდარ თავდასხმაში მემარჯვენე ექსტრემიზმის შესაძლო კვალზე საუბრობს

გერმანიის გენერალური პროკურორის, პიტერ ფრანკის განცხადებით, ქალაქ ჰალეში მომხდარ თავდასხმას მემარჯვენე ექსტრემიზმის შესაძლო კვალი აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ თავდასხმის შემდეგ დაკავებული სწორედ ის პირია, რომელმაც სინაგოგასთან ცეცხლი გახსნა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთი პირი კი, ადგილიდან გატაცებული ავტომობილით მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ.

უსაფრთხოების მიზნით, ქალაქ ჰალეში სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა. პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას სახლებში დარჩენას ურჩევს.

რამდენიმე საათის წინ გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰალეში, სინაგოგასთან ახლოს უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. სინაგოგასთან მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე წუთში ცეცხლი გახსნეს მის მიმდებარე ტერიტორიაზეც, თუმცა აღნიშნული თავდასხმის დეტალები უცნობია.

არის თუ არა თავდასხმა ანტისემიტურ ნიადაგზე მომხდარი დანაშაული, ჯერ უცნობია.

დატოვე კომენტარი