გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელი - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს პოლიტიკური შემადგენელი
გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელი - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს პოლიტიკური შემადგენელი

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს პოლიტიკური შემადგენელი, – ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ კითხვაზე პასუხად გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სწორედ ეს უნდა იქნას გამოძიებული“, – აღნიშნა ზაიბერმა.

მისივე თქმით, საქმეს ბერლინის საგამოძიებო ორგანოები აწარმოებენ.

„მიმდინარე გამოძიებაზე პასუხისმგებელია ბერლინის ფედერალური მიწა და მე ამასთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

„მე უკვე ვთქვი, რომ ბერლინის ცენტრში დღისით ჩადენილი დანაშაული შემზარავია. ფედერალური მთავრობა უკიდურესად დაინტერესებულია იმით, რომ დეტალური გამოძიება მოხდეს“, – აღნიშნა ზაიბერტმა.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. ის რუსეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმის ბრალდებით იძებნებოდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს. დასავლური მედიის ცნობით, დაკავებული რუსეთის მოქალაქე, 49 წლის მამაკაცია. „ბიბისი“ წერდა, რომ „ბერლინში გახიზნული ჩეჩენი, რომელიც რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა, ბერლინის პარკში სავარაუდოდ რუსმა აგენტმა მოკლა“.