გერმანიის ელჩი - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მონაწილეობით კარგი და წარმატებული შეხვედრა შედგა, უახლოეს დღეებში გვეცოდინება, რა შედეგი გვექნება
გერმანიის ელჩი - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მონაწილეობით კარგი და წარმატებული შეხვედრა შედგა, უახლოეს დღეებში გვეცოდინება, რა შედეგი გვექნება

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ დიპლომატების, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს წარმატებული შეხვედრა შედგა.

როგორც გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღეს კონკრეტული შედეგისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესის საბოლოო შედეგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„ეს იყო მხოლოდ არაფორმალური შეხვედრა პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს შორის, მაგრამ ყველამ იცის , რა საკითხები არის მნიშვნელოვანი. იყო ძალიან კარგი შეხვედრა. შეხედეთ, რა ნათელი და კარგი დღეა. ეს იყო კარგი და წარმატებული შეხვედრა. ჩვენ არ მიგვიღწევია ამ პროცესის შედეგისთვის, თუმცა აქ მყოფი ყველა მუშაობს ამისთვის. ამას დრო სჭირდება და გთხოვთ მოთმინებას. უახლოეს დღეებში გვეცოდინება, რა შედეგი გვექნება“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გრიგოლ ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში.