გერმანიის ელჩი - განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება
გერმანიის ელჩი - განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა პროფესიული განათლების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მისი გუნდის წევრებთან, რომელიც შეეხებოდა პროფესიული განათლების მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარებას. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება. მოგეხსენებათ, გერმანია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა პროფესიული განათლების განვითარების თვალსაზრისით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან ამ მიმართულებით, თუმცა გვსურს უფრო გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა, ვფიქრობ ამისთვის ძალიან კარგი პლატფორმა იქნება ფორუმი, რომელიც ზაფხულშია დაგეგმილი,“ – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმების ფარგლებში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი პროფესიული განათლებაა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავარი პარტნიორი გერმანიაა, სადაც პროფესიულ განათლებაში დუალური სწავლების მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილება არსებობს.

მინისტრის განცხადებით, ეს ქვეყანა არა მხოლოდ გამოცდილებით, არამედ, რესურსებითაც ჩართულია რათა, რაც შეიძლება მეტი დუალური მოდელი გაჩნდეს საქართველოში და რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ეუფლებოდეს პროფესიას სხვადასხვა სფეროში.

ბატიაშვილის თქმით, ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება და ბევრი სამუშაო სამომავლოდაც დაიგეგმა.

განათლების სამინისტროში საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.