გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, ევროკავშირი მოითხოვს, რომ თურქეთიდან ბლოკის ქვეყნებში ახალი კონტრაქტებით მიწოდებული გაზი რუსული წარმოშობის არ იყოს
ევროკავშირი მოითხოვს, რომ თურქეთიდან ბლოკის ქვეყნებში ახალი კონტრაქტებით მიწოდებული გაზი რუსული წარმოშობის არ იყოს, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, კატერინა რაიხემ განაცხადა, იტყობინება „ბლუმბერგი“.
კატერინა რაიხეს თქმით, თურქეთი აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის „რუსული ნედლეულის მიწოდებაზე უარის თქმა“, თუმცა, ამავე დროს, ნათლად მიუთითებს, რომ რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლებელია ერთ დღეში, არც ეკონომიკური თვალსაზრისით და არც არსებული რესურსების გათვალისწინებით.
ცნობისთვის, 26 იანვარს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის ევროკავშირში მიწოდების სრული აკრძალვა 2027 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო მილსადენებით მიწოდებული რუსული გაზის აკრძალვა ძალაში 2027 წლის 30 სექტემბრიდან შევა.
ამასთან, მოკლევადიანი კონტრაქტებით რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა ძალაში შევიდა 2026 წლის 25 აპრილიდან, ხოლო მილსადენებით მიწოდებული გაზის მოკლევადიანი კონტრაქტები უნდა დასრულდეს 2026 წლის 17 ივნისამდე.