გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მრავალმილიარდიან ფინანსურ პაკეტს, რომელიც თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს
გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მრავალმილიარდიან ფინანსურ პაკეტს, რომელიც თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მრავალმილიარდიან ფინანსურ პაკეტს, რომელიც თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს.

გეგმა თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებისთვის სახელმწიფო სესხზე კონსტიტუციით გათვალისწინებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს, რაც ხელისუფლებას თავდაცვისა და ინფრასტრუქტურისთვის ხარჯების გაზრდის საშუალებას მისცემს. კანონპროექტით გათვალისწინებულია 500 მილიარდი ევროს ოდენობის ინფრასტრუქტურული ფონდის შექმნა.

ვინაიდან საკანონმდებლო ინიციატივა გერმანიის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, ფინანსური პაკეტის დასამტკიცებლად საჭირო იყო ხმების, სულ მცირე, ორი მესამედი, ანუ 489 ხმა. მოლაპარაკებების შედეგად, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა და „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ „მწვანეებთან“ შეთანხმების მიღწევა შეძლეს. ინიციატივას 513-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 207 კი წინააღმდეგი იყო.

ახლა საჭიროა, რომ ფინანსური პაკეტი გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ – ბუნდესრატმაც დაამტკიცოს. კენჭისყრა პარასკევს არის ჩანიშნული და საჭირო იქნება ასევე ხმების ორი მესამედი.

გერმანიის კონსტიტუციით გათვალისწინებულია ე.წ. სესხის მუხრუჭი, რომლის თანახმადაც, გერმანიის სახელმწიფო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 0,35%-ს. ცვლილებების შემდეგ ეს შეზღუდვა შემსუბუქდება თავდაცვის ხარჯებისთვის.

ცვლილებების თანახმად, ინფრასტრუქტურული ფონდიდან სახსრების ნაწილი კლიმატის დაცვას მოხმარდება.

ფინანსური პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას, რომელმაც 2025 წელს ოთხი მილიარდი ევრო უნდა შეადგინოს.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ბუნდესტაგში გამართული კენჭისყრა არის ისტორიული ნაბიჯი და ამას, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ევროპისთვის უკრაინაში რუსეთის ომისა და დონალდ ტრამპის პოლიტიკის ფონზე.

გერმანიის კანცლერობის პრეტენდენტის, ფრიდრიხ მერცის თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილება არის დიდი ნაბიჯი ევროპის ახალი თავდაცვითი საზოგადოების შექმნისკენ.

თავდაცვითი ხარჯების გაზრდის ინიციატივა ფრიდრიხ მერცმა თავისი კონსერვატიული ბლოკის მიერ თებერვალს გამართულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წარადგინა.

კენჭისყრა ბუნდესტაგის ახალი მოწვევის შეკრებამდე გაიმართა, რადგან ამგვარად ინიციატივას ხმების ორი მესამედის მოპოვების მეტი შანსი ჰქონდა. პარლამენტის ახალი შემადგენლობა 25 მარტის შემდეგ შეიკრიბება. მერცის გეგმებს ეწინააღმდეგებიან ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და ულტრამემარცხენე პარტია, რომლებმაც თებერვლის არჩევნებში ბუნდესტაგში პოზიციები გაიუმჯობესეს.