გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ანგელა მერკელს მოუწოდებს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საპასუხოდ, უარი თქვას პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ანგელა მერკელს მოუწოდებს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საპასუხოდ, უარი თქვას პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, „გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდერ გრაფ ლამბსდორფი კაცლერ ანგელა მერკელს მოუწოდებს, ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საპასუხოდ, უარი თქვას პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე . ამის შესახებ გერმანელმა დეპუტატმა გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ეს მკვლელობა აქ, ბერლინში, ჩვენი დედაქალაქის გულში, სამთავრობო შენობებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში არის ისეთი თავდასხმა გერმანიის სუვერენიტეტზე, რომ ჩვენ სამჯერ უნდა დავფიქრდეთ, უნდა გავიყვანოთ თუ არა გაზსადენი, რომელიც მოსკოვს ფულს მიაწვდის, რომ ჩვენ რუსეთისგან გაზის მიღება შევძლოთ. არსებობენ სხვა მიმწოდებლებიც, რომელთაგან გაზის მიღება შეგვიძლია“, – განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა.

ლამბსდორფმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში გერმანიის როლს გადახედავს.

ლამბსდორფმა მაგალითად დაასახელა სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე და აღნიშნა, რომ მაშინ ევროპულმა ქვეყნებმა ერთობლივად 140 დიპლომატი გააძევეს, რაც მოსკოვისთვის მკაფიო სიგნალი იყო.

„ვისურვებდი, მენახა ამ შემთხვევაშიც კანცლერის მკაფიო პოზიცია. კანცლერი კარგად იცნობს ვლადიმერ პუტინს, ის კარგად იცნობს რუსეთს, კარგად საუბრობს რუსულად და ზუსტად იცის, რომ რუსეთის პოლიტიკა არამეგობრულია გერმანიის მიმართ და ევროკავშირის მიმართ“, – განაცხადა ლამბსდორფმა.