გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი - საქართველოსა და გერმანიას პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი - საქართველოსა და გერმანიას პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის, ბერბელ ბასის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე.

როგორც ბერბელ ბასმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა, გერმანიასა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში და პარლამენტები მჭიდროდ თანამშრომლობენ.

„ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში „ჯიაიზეტთან“ ერთად, ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას“, – განაცხადა ბერბელ ბასმა.

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გეგმავს, რომ საოკუპაციო ხაზი მოინახულოს.

„რუსეთის ომმა უკრაინაში განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი. საქართველოში იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები ადმინისტრაციულ ხაზთან“, – განაცხადა ბერბელ ბასმა.

ამასთან, ბერბელ ბასის თქმით, „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არღვევს შეკრების თავისუფლებას, უმცირესობების უფლებებს, რაც ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

„გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპელად მიიჩნევს თავს, მაგრამ „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აღნიშნულ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ გააგრძელოს და განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ბერბელ ბასმა.