გერმანიის ბუნდესრატმა კორონავირუსზე ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების დადგენილებას მხარი დაუჭირა
გერმანიის ბუნდესრატმა კორონავირუსზე ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების დადგენილებას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესრატმა, ფედერალური მიწების წარმომადგენლობამ კორონავირუსზე ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილი პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების დადგენილებას მხარი დაუჭირა. შესაბამის ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც გაკეთებული აქვს ვაქცინის ორივე დოზა ან ვირუსისგან განიკურნა, კომენდანტის საათი, სოციალურ კონტაქტებზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება. ასევე, აღნიშნული პირებისთვის არ იქნება სავალდებულო კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გაკეთება იმ დაწესებულებებში ვიზიტისას, სადაც ასეთი მოთხოვნა არსებობს.

ამასთან, აცრილი და კოვიდგადატანილი პირები არ თავისუფლდებიან პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულებისგან.

შესაბამისი ინიციატივა გერმანიის მთავრობამ 4 მაისს წარადგინა, ხოლო 6 მაისს ის ბუნდესტაგმა დაამტკიცა. როგორც მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, ახალი წესები შესაძლოა, ძალაში 9 მაისიდან შევიდეს.