2022 წლის 1 იანვრიდან გერმანიის საფეხბურთო ლიგას (DFL) ქალი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
გერმანიის საფეხბურთო ლიგის (DFL) ახალი ხელმძღვანელი დონატა ჰოპფენი იქნება, რომელიც ამავე დროს, პოსტს ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოშიც დაიკავებს.
„გერმანულ პროფესიონალურ ფეხბურთს დიდი ტრადიციები აქვს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. მთავარი ამოცანაა, რომ ბუნდესლიგის რეპუტაცია შევინარჩუნოთ. ეს აუცილებელია ტექნოლოგიური, სოციალური და მედია ცვლილებების ფონზე. ამავე დროს, ჩვენი საზრუნავი იქნება, რომ ლიგა ინოვაციურად განვითარდეს“, – განაცხადა ჰოპფენმა.
ჰოპფენი იყო Boston Consulting Group-ის მმართველი დირექტორი და პარტნიორი. DFL– ის ამჟამინდელ ხელმძღვანელ კრისტიან ზაიფერტთან, სამეთვალყურეო საბჭო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტაზე შეთანხმდა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესლიგა მსოფლიოში ფინანსურად ყველაზე სტაბილური და ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციაა. ლიგის მენეჯმენტმა იმდენი მოახერხა, რომ კარგი მართვის შედეგად, ერთადერთი იყო, რომელმაც 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს თავი დააღწია და განვითარება არ შეაჩერა.